მილანის ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქართულ ღვინის წარდგენის ღონისძიებები გაიმართა
დეგუსტაცია
ღვინის ეროვნული სააგენტოს და მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ მილანის რიგით მერვე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე ,,Milano Wine Week 2025” ქართულ ღვინო იყო წარმოდგენილი.
9 დღიანი ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ორიენტირებულია ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალებზე, მომხმარებელზე, მედიისა და კომერციული სფეროს წარმომადგენლებზე, ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიებები გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ღონისძიებების მენეჯერმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია და მასტერკლასი ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორების, საცალო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა. გაიმართა „Walk-around“ ფორმატის დეგუსტაციებიც.
ფესტივალზე ქართული ღვინის წარდგენას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.
ფესტივალს ტრადიციულად 5 000-ზე მეტი ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალი და მომხმარებელი ესწრება როგორც იტალიიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის ღვინის პროფესიონალებისა და მომხმარებლების წრეებში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 9 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში 21 გამოფენა/ფესტივალსა და 200-მდე დეგუსტაცია-სემინარზე.